დი მარია პარედესს ტურინში ეძახის - პსჟ-მ იუვენტუსს არგენტინელის ფასი დაუსახელა

13 აგვ 2022, 20:25
დი მარია პარედესს ტურინში ეძახის - პსჟ-მ იუვენტუსს არგენტინელის ფასი დაუსახელა

„იუვენტუსი“ „პსჟ-ს“ ნახევარმცველის, ლეანდრო პარედესის ტრანსფერის დახურვას ცდილობს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, პარიზელები „ბიანკონერისგან“ არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვენ.

ტურინულ გუნდს იმედი აქვს, რომ „პსჟ-სთან“ გაცილებით ნაკლებ თანხაზე მოილაპარაკებენ, ან ფეხბურთელს იჯარით გადაიბირებენ, რადგან ერთიანად ამხელა ფულის გადახდის საშუალება ამ ეტაპზე „იუვენტუსს“ არ აქვს.

თავად პარედესს „ალიანც სტედიუმზე“ გადაბარგების სურვილი აქვს - გუნდში მას მისი თანამემამულე და „იუვეს“ ახალწვეული, ანხელ დი მარია იწვევს, რომელიც ტურინში ასევე ამ ზაფხულს, „პსჟ-დან“, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა.

გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელს „იუვესთან“ პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს და კლუბების შეთანხმებას ელოდება.