პსჟ მბაპეს დაკარგვას საბოლოოდ შეეგუა — ESPN

18 მაი 2022, 09:29
პსჟ მბაპეს დაკარგვას საბოლოოდ შეეგუა — ESPN

"პარი სენ ჟერმენი" თავდამსხმელ კილიან მბაპესთვის ბრძოლაში "რეალთან" მარცხს შეეგუა, წერს გავლენიანი გამოცემა ESPN.

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელები 23 წლის ფრანგის შენარჩუნებას აღარ ცდილობენ. მათი აზრით, კილიანი ძალიან მალე "სამეფო კლუბში" გადასვლას დაადასტურებს.

მადრიდულ გრანდს მბაპეს ადვოკატთან გარკვეული დეტალები ჯერ არ მოუგვარებია, მაგრამ "რეალში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლას ხელს ვეღარაფერი შეუშლის.

ჯერ კიდევ გასულ კვირაში "პსჟ" დარწმუნებული იყო, რომ მბაპეს დარჩენაზე დაითანხმებდა და ამისათვის ყველაფერი გააკეთა. კილიანს უზარმაზარი კონტრაქტი შესთავაზეს, საიმიჯო უფლებებით მიღებული შემოსავლის 100%-თან ერთად, აგრეთვე შემადგენლობის გაძლიერებას და კაპიტნის სამკლაურს დაჰპირდნენ.

მბაპესთვის ფული გადამწყვეტი ფაქტორი არასოდეს ყოფილა. მას "რეალში" თამაში ყოველთვის უნდოდა და ახლა "პსჟ"-ში ფიქრობენ, რომ ოცნებას აიხდენს.

2021/22 წლების სეზონში კილიანმა, რომელსაც ფრანგულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება, 44 მატჩი ჩაატარა, 36 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა გააკეთა.