სპალეტი: "კვარაცხელია გენიალური მოთამაშეა, მისნაირ ფეხბურთელთან მუშაობა ყველა მწვრთნელს უყვარს"

16 მაი 2022, 20:48
სპალეტი: "კვარაცხელია გენიალური მოთამაშეა, მისნაირ ფეხბურთელთან მუშაობა ყველა მწვრთნელს უყვარს"

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ გუნდის ახალწვეულის, ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო თვისებების შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების 21 წლის მარცხენა გარემარბი მომავალი სეზონიდან ნეაპოლელთა ღირსებას დაიცავს.

"ძლიერი, დაკუნთული ფეხბურთელია, რომელმაც იცის, თუ როგორ უნდა იმოქმედოს შეზღუდულ სივრცეში", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Football Italia.

"იმ მოთამაშეებს შორის ერთ-ერთია, ვისაც გენიალური გამოსავალის პოვნა შეუძლია. ის ფეხბურთელია, ვისთან მუშაობაც ყველა მწვრთნელს უყვარს, ამ ყველაფერთან ერთად, გოლებსაც იტანს", - დასძინა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩამ სეზონი "რუბინში" დაიწყო, თუმცა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო წასვლა მოუწია. მარტის თვის ბოლოს რუსულმა კლუბმა განაცხადა, რომ გუნდში დაბრუნდებოდა, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა, კვარაცხელიამ ყაზანელებთან კონტრაქტი გაწყვიტა და ბათუმის "დინამოსთან" 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

როგორც აქამდე გახდა ცნობილი, კვარაცხელია "ნაპოლისთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და სეზონში ხელფასის სახით 1,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ნეაპოლელებს მისი ტრანსფერი 10 მილიონი დაუჯდათ.