ვილიარეალის დირექტორი: "ვფიქრობ, ეს სკანდალია - მსაჯს ჩვენს სასარგებლოდ პენალტი უნდა დაენიშნა"

04 მაი 2022, 14:44
ვილიარეალის დირექტორი: "ვფიქრობ, ეს სკანდალია - მსაჯს ჩვენს სასარგებლოდ პენალტი უნდა დაენიშნა"

"ვილიარეალის" გენერალური დირექტორი, ფერნანდო როიგ ნეგეროლესი "ლივერპულთან" გამართული მატჩის შემდეგ მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა.

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში ესპანური კლუბი ანგარიშით 2:3 დამარცხდა (პირველი მატჩი - 0:2) და ტურნირს გამოეთიშა.

37-ე წუთზე ჯოვანი ლო ჩელსო მეკარესთან პირისპირ გავიდა. ალისონი მას ფეხებში ჩაუვარდა და არგენტინელი მერსისაიდელთა კიპერთან კონტაქტის შედეგად სტუმართა საჯარიმოში წაიქცა. არბიტრთა ბრიგადამ თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

"ვფიქრობ, ლო ჩელსოს მომენტი სკანდალია. პენალტი იყო, სხვა ინტერპრეტაციას ვერ ვხედავ. გასაკვირი მსაჯობა იყო, არბიტრი მუდმივად მათ სასარგებლოდ იღებდა გადაწყვეტილებას. მსაჯობის დონე მატჩის დონის შესაბამისი არ გახლდათ".

"მცირე ეპიზოდები "ლივერპულის" სასარგებლოდ წყდებოდა. პირველ ტაიმში საჯარიმოსთან ახლოს სამი ჯარიმა იყო დასანიშნი. სტანდარტები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ დაგვინიშნეს".

"არ ვბრაზობ. აქ ყოფნა უკვე სიამაყეა, მაგრამ მსაჯი ძალიან ცუდი იყო", - ციტირებს "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ფუნქციონერის სიტყვებს ABC.

ცნობისთვის, "ვილიარეალისა" და "ლივერპულის" გუშინდელი მატჩი დანი მაკელის ბრიგადამ განსაჯა.