კურტუა სელტასთან მატჩში 3 პენალტზე: "რეალის კარშიც დაუნიშნავთ ასეთი თერთმეტმეტრიანები"

03 აპრ 2022, 14:34
კურტუა სელტასთან მატჩში 3 პენალტზე: "რეალის კარშიც დაუნიშნავთ ასეთი თერთმეტმეტრიანები"

"რეალის" გოლკიპერმა, ტიბო კურტუამ ლა ლიგის ეგიდით "სელტასთან" (2:1) გამართულ მატჩში დაფიქსირებულ საკამათო მომენტებზე კომენტარი გააკეთა.

მოგეხსენებათ, მადრიდული გრანდის სასარგებლოდ აღნიშნული შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, პაბლო ფუერტესმა სამი თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

– დაინახეთ პენალტების ეპიზოდები?

"პირველი და მეორე. ჩემი კარიდან მესამის დანახვა გამიჭირდა, მაგრამ თუ მეტოქეს ფეხს უდებ, მაშინ... ჩვენი კარის მიმართულებითაც დაუნიშნავთ ასეთი 11-მეტრიანები. ამ საუკუნეში ერთ მატჩში სამი პენალტი პირველად დაგვიდეს".

"(თამაშგარე მდგომარეობის გამო, ასპასის არჩათვლილ გოლზე) "სელტას" ფეხბურთელის (გალიარდო) თავური ძელთან მოვიგერიე. ასპასი თამაშგარეში იმყოფებოდა და ალაბას ბურთის გამოტანაში ხელი შეუშალა. ეს ოფსაიდია, ამას მიხვდა, ყველაფერი კარგადაა", - ციტირებს კურტუას სიტყვებს "სამეფო კლუბის" ოფიციალური საიტი.