ფიორენტინას და იუვეს ქომაგები ერთმანეთს ვერ იტანენ - ყველაფერი ბაჯოს ბრალია! გავიხსენოთ ყველა ტრანსფერი ფლორენციადან ტურინში

21 იან 2022, 19:46
ფიორენტინას და იუვეს ქომაგები ერთმანეთს ვერ იტანენ - ყველაფერი ბაჯოს ბრალია! გავიხსენოთ ყველა ტრანსფერი ფლორენციადან ტურინში

„ფიორენტინას“ და „იუვენტუსის“ გულშემატკივრებს ერთმანეთი ყოველთვის არ უყვარდათ და ამის მიზეზის სათავის ძებნა უკვე შეუძლებელია. თუმცა, ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად 1980-ებში გაუარესდა.

1981/82-სეზონში სკუდეტოსთვის ბრძოლა ბოლო სათამაშო დღემდე გრძელდებოდა. ბოლო ტურისთვის „იუვენტუსი“ და „ფიორენტინა“ პირველ ადგილს თანაბარი ქულებით იყოფდნენ. ჩემპიონის ბედი კი სკანდალურად გაირკვა.

სარდინიაზე მსაჯმა ფლორენციელთა „კალიარიში“ გატანილი გოლი არ ჩათვალა და გუნდებმა ხელი ნულოვან ფრეს მოაწერეს, „იუვემ“ კი „კატანძარო“ ერთადერთი პენალტით გატანილი გოლით დაამარცხა და იტალიის ჩემპიონი ისტორიაში მეოცედ გახდა. „ფიორენტინას“ ნახევარმცველმა, ჯანკარლო ანტონიონიმ, საფინალო სასტვენის შემდეგ ყველა გულშემატკივრის მოსაზრება დააფიქსირა: „მათ მოიპარეს ჩვენი ტიტული!“

1990-ში ისტორია განმეორდა - ოღონდ ამჯერად უეფას თასზე. პირველ ფინალურ მატჩში „იუვენტუსმა“ 3:1 მოიგო, ერთ-ერთი გოლი კი აშკარა წესის დარღვევით გაიტანა. საპასუხო დაპირისპირებაში „ფიორენტინამ“ თამაშგარის გამო „ფიორენტინას“ გოლი არ ჩათვალა და ფრე 0:0 დაფიქსირდა. თასი ტურინში გაემგზავრა, ეთერში კი „ვიოლას“ მცველის, ჩელესტე პინას სიტყვები მოხვდა, რომელმაც მიკროფონში დაიყვირა: „იუვენტუს, თქვენ ქურდები ხართ!“

ბოლო წვეთად კი მთლიანი ფლორენციის კუმირის ტრანსფერი გახდა. 1990 წლის ზაფხულს, რობერტო ბაჯო „იუვენტუსში“ იმდროისთვის სარეკორდო 25 მილიონ ლირად გადავიდა (დაახლოებით 13 მილიონი ევრო).

„იუვენტუსი“ „ფიორენტინას“ წინააღმდეგ - სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით „დერბი“ ნამდვილად არ არის, მაგრამ ამ ორი გუნდის გულშემატკივრებს ერთმანეთი ისე სძულთ, როგორც სხვა არავის. ფლორენციადან ტურინში გადასვლა - ნამდვილი დანაშაულია, ამიტომ მოდით ასეთ რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი გავიხსენოთ.

 

1. რობერტო ბაჯო (1990)

როგორც მიხვდით, სწორედ ბაჯოს ტრანსფერმა გადაუსვა ხაზი საბოლოოდ „ფიორენტინას“ და „იუვეს“ შორის ურთიერთობებს. ფლორენციელებს მთავარი ვარსკვლავის არგაყიდვა უბრალოდ არ შეეძლოთ - იმდროისთვის იტალიის ყველაზე გავლენიან კლუბთან ჭიდილი ფინანსებში უბრალოდ შეუძლებელი იყო.

ტოსკანას დედაქალაქში ბაჯოს ყველაფერი ჰქონდა - კუმირის სტატუსი, განაღდებული ადგილი სასტარტოში, გოლები (55 გოლი 136 მატჩში), მაგრამ აკლდა ერთი რამ - ტიტულები, რომელიც მან ტურინში მიიღო: „იუვესთან“ ერთად რობერტომ იტალიის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და უეფას თასი მოიგო.

თუმცა, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ბაჯო უეცრად მარჩელო ლიპიმ აითვალწუნა, 1995-ს ზაფხულში კი ის ყველანაირი სენტიმენტების გარეშე „მილანში“ გაყიდეს, არაფერი პირადული.

2. ჯორჯო კიელინი (2005)

2004 წლის ზაფხულში „იუვენტუსმა“ „ლივორნოდან“ პერსპექტიული მცველი გამოისყიდა, თუმცა მალევე მისი უფლებების 50% „ფიორენტინას“ მიჰყიდა. ფლორენციაში კიელინიმ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, 37 მატჩი ითამაშა ჩემპიონატში, გაიტანა სამი გოლი და გუნდის სერია ა-ში დარჩენაში დიდი წვლილი შეიტანა.

„ფიორენტინას“ გულშემატკივრებმა ტრანსფერის ყველა დეტალი არ იცოდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ გუნდში ახალი, ქარიზმატული ლიდერი გაჩნდა. თუმცა... „იუვენტუსმა“ 2005 წელს ჯორჯო უკან გამოისყიდა.

3. სერჯო ჩერვატო (1959)

შეიძლება, სწორედ აქედან იწყება გულშემატკივართა ზიზღიც! გუნდის კაპიტანი - 11 სეზონი, 335 მატჩი, 1955/56-წლების სკუდეტო, ჩემპიონთა თასის ფინალში გასვლა - ეს ყველა მიღწევა „ფიორენტინას“ ლეგენდარულ მცველს ეკუთვნის.

თუმცა, 1959 წელს ის ტურინში გადავიდა, სადაც კიდევ ორი სკუდეტო მოიგო და „სპალში“ წავიდა, სადაც კარიერაც დაასრულა.

ჩერვატო 2005 წლის 9 ოქტომბერს, ფლორენციაში გარდაიცვალა.

4. ფედერიკო ბერნარდესკი (2017)

ტოსკანას ბინადარი, „ფიორენტინას“ აღზრდილი, დებიუტი სერია ა-ში, პირველი გოლები ჩემპიონატში... როგორ შეიძლება ასეთი დეტალების მიუხედავად „იუვენტუსში“ წასვლა? 

თურმე, თუ 40 მილიონ ევროს გიხდიან, შეიძლება. სწორედ ამდენი მიიღეს ფლორენციელებმა „იუვესგან“ 23 წლის ბერნარდესკის სანაცვლოდ 2017 წელს. 

და გულშემატკივრები? როცა საუბარი ასეთ თანხებზეა, მათ გრძნობებს ყურადღებას არავინ არ აქცევს.

5. ფედერიკო კეიზა (2020)

ენრიკო კიეზას შვილმა ბერნარდესკის გზა მთლიანად გაიმეორა - აკადემიიდან ნაკრებში „ფიორენტინას“ ფეხბურთელის სტატუსით დებიუტამდე, სატრანსფერო თანხაც კი თითქმის იგივეა: 2020 წელს „იუვემ“ ის იჯარით აიყვანა, ერთი წლის შემდეგ კი 48 მილიონ ევროდ გამოისყიდა.

შემტევის ტრანსფერი - კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ზიზღი არ გამქრალა. „ფიორენტინას“ გულშემატკივრებმა კიეზას მისამართით ბანერებიც კიგ ამოფინეს: „უღალატო იამს, ვინც გაგზარდა - ტოტალური უპატივცემლობაა. ფლორენცია შენი სახლი აღარ არის.“ 

ახლა, ფლორენციას ახალი გმირი ჰყავს - ნუთუ, დუშან ვლაჰოვიჩიც იგივე გზას გაჰყვება?