ბარსელონას ულტიმატუმი და მუქარა — დემბელე მუნდიალის წინ სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩება?

17 იან 2022, 22:18
ბარსელონას ულტიმატუმი და მუქარა — დემბელე მუნდიალის წინ სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩება?

"ბარსელონას" გარემარბ უსმან დემბელესთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, რომელიც მომავალ ზაფხულამდე გათვლილი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს აცხადებს.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo იტყობინება, თუ 24 წლის ფრანგი ახალ ხელშეკრულებას ხელს არ მოწერს და ამ ზამთარს სამუშაო ადგილს არ შეიცვლის, კატალონიელთა რიგებში აღარ ითამაშებს.

"ლურჯ-ბროწეულისფრები" აპირებენ დემბელეს ისე მოექცნენ, როგორც თავიანთ აღზრდილ ილაიშ მორიბას - ამ უკანასკნელმაც უარი თქვა თანამშრომლობის გაგრძელებაზე და გასულ ზაფხულს "ლაიფციგში" 16+6 მილიონ ევროდ გაყიდეს.

უსმანი მატჩების განაცხადში ვეღარ მოხვდება, მაგრამ გუნდთან ერთად ვარჯიში მაინც მოუწევს.

კლუბში მიაჩნიათ, რომ დემბელე ყატარში გასამართი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩენას არ მოინდომებს, ამიტომაც ან კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდება ან ამ ზამთარსვე წავა სხვა გუნდში.

მიმდინარე სეზონში ფრანგმა შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად 11 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 ასისტიც მიითვალა.