უმტიტი, პუჩი და სხვა მოთხოვნები, რომლებიც ლაპორტამ კუმანს ახალი კონტრაქტის მოსაპოვებლად დაუსახა

05 სექ 2021, 17:43
უმტიტი, პუჩი და სხვა მოთხოვნები, რომლებიც ლაპორტამ კუმანს ახალი კონტრაქტის მოსაპოვებლად დაუსახა

„ბარსელონას“ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას გუნდის მთავარ მწვრთნელთან, რონალდ კუმანთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

ყოველ შემთხვევაში, სწორედ ეს უთხრა პრეზიდენტმა პრესას, როცა ოთხშაბათს ჟურნალისტებს შეხვდა და კატალონიური გუნდის სამომავლო გეგმაზე გაესაუბრა.

ერთ-ერთი წინაპირობა კუმანთან კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის - რა თქმა უნდა ტიტულების მოგებაა. ნებისმიერი მწვრთნელის მომავალი ტიტულებზეა დამოკიდებული და მით უფრო - „ბარსელონასი“.

პრეზიდენტის სხვა მოთხოვნები კი უნიკალურია და შესაძლოა, კუმანს უფრო დიდი პრობლემები შეუქმნას. კლუბი კატეგორიულად ითხოვს, რომ რიკი პუჩს და სამუელ უმტიტის გუნდში უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭოთ. ეს მოთხოვნა იმდენად სერიოზულია, რომ ლაპორტამ ორივე ამ ფეხბურთელის სახელი პრესაში ღიად დაასახელა. არც პუჩი და არც უმტიტი აქამდე კუმანის გეგმებში არ შედიოდნენ და ჰოლანდიელი ამას არც მალავდა.

რიკი პუჩი კუმანის გუნდში არ თამაშობს. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ჰოლანდიელი არ არის პირველი მწვრთნელი, რომელსაც ახალგაზრდა ნახევარმცველის შესაძლებლობებში ეჭვი შეაქვს (მაგალითისთვის, კიკე სეტიენს ეკუთვნის ფრაზა, რომ რიკი პუჩი იუთუბის ვიდეოებში უფრო კარგია, ვიდრე რეალურად მოედანზე). მოსვლისთანავე, კუმანმა თავისი პოზიციები ფეხბურთელსაც გაანდო, თუმცა პუჩმა წასვლაზე უარი თქვა. შედეგად, რიკიმ კონკურენცია შარშან ილაიშ მორიბასთან წააგო, წელს კი მასზე მნიშვნელოვანი როლი ნიკო გონსალესს და ჯავის ეკისრებათ.

თუმცა, ლაპორტას მოსწონს პუჩი და სურს, რომ მას გაცილებით მეტი დრო მიეცეს, რაც მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევის აშკარა ფაქტია. კუმანი არ აპირებს პრეზიდენტის სურვილს მარტივად დათანხმდეს და პუჩს მხოლოდ მას შემდეგ ათამაშებს, თუ ვარჯიშზე განსაკუთრებულ მონდომებას და შრომას დაინახავს.

უმტიტის შემთხვევა ასეთი არ არის - ნიდერლანდელი სპეციალისტი აფასებს იმ შრომას, რომელსაც ფრანგი მცველი ვარჯიშებზე ასრულებს, თუმცა პრობლემა ის არის, რომ უმტიტი დღეს „ბარსელონას“ დონეს არ აკმაყოფილებს. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონმა პრეზიდენტთან საუბრის დროს კიდევ ერთი შანსი ითხოვა და კლუბი მზადაა მას ეს შანსი მისცეს. თუმცა, ცნობილი ფაქტია, რომ მას გუნდში ჟერარ პიკესთან, ერიკ გარსიასთან, რონალდ არაუხოსთან და კლემან ლენგლესთან მოუწევს კონკურენცია.

კიდევ ერთი მისია, რომელიც კუმანს ექნება შესასრულებელი - დააბრუნოს შემტევი 4-3-3 ფორმაცია, რაც დღევანდელი შემადგენლობის ფონზე ადვილი შესასრულებელი არ იქნება. მწვრთნელს არ სჯერა, რომ ამჟამინდელი ფეხბურთელებით მას ასეთი სისტემით მოგებების გაგრძელება შეუძლია და ეცდება, მატჩების მოგება გააგრძელოს იმ ტაქტიკით, რომელიც მას იდეალურად ესახება.

კუმანი კონტრაქტის გახანგრძლივების მოსაპოვებლად ამ მოთხოვნების ბრმად შესრულებას არ აპირებს. მან იცის, რომ ლაპორტა მწვრთნელი არ არის და პრეზიდენტს ამის შესახებ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უთხრა და ზაფხულის დასაწყისშიც გაუმეორა. თუმცა, ნიდერლანდელმა იცის, რომ ერთადერთი გზა, რომლის შემთხვევაშიც მისი კონტრაქტის გახანგრძლივება რეალური გახდება - ლა ლიგის მოგებაა.