"გულშემატკივარი ამ ყველაფერს ვერ გაიგებდა" - რა შეიცვალა გიორბელიძისთვის უკანასკნელ თვეებში

22 აპრ 2021, 21:59
"გულშემატკივარი ამ ყველაფერს ვერ გაიგებდა" - რა შეიცვალა გიორბელიძისთვის უკანასკნელ თვეებში

ავსტრიული ბუნდესლიგის 26-ე ტური გურამ გიორბელიძისთვის კარგი გამოდგა. იმის გარდა, რომ მისმა ვოლფსბერგმა გრაცის შტურმს 1:0 მოუგო, ქართველი მცველი ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.

მორიგი კარგი მატჩი - გიორბელიძე ავსტრიაში საუკეთესოთა შორის მოხვდა

მარტის სანაკრებო შეხვედრების შემდეგ გურამ გიორბელიძეს ვოლფსბერგში კარგი სიტუაცია აქვს. გუნდშიც მეტად ენდობიან და ამ შანსს კარგად იყენებს. Goal.Ge 25 წლის მარცხენა მცველს ავსტრიაში დაუკავშირდა და მის გარშემო არსებულ ბოლოდროინდელ სიტუაციაზე ესაუბრა.


"სანაკრებო შეხვედრებში თავის წარმოჩენამ დიდი თავდაჯერებულობა მომცა, დღეს აღარ აქვს მნიშვნელობა ვის ვეთამაშები. ავსტრიის ჩემპიონატში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.

რა თქმა უნდა, როცა ნაკრების ფეხბურთელი ხარ, გუნდშიც სხვანაირად გიყურებენ. მარტის შეხვედრების შემდეგ გუნდში ჩემს მიმართ დამოკიდებულება შეიცვალეს. ჩემს მიმართ მწვრთნელს ნდობა არ ჰქონდა მანამდე, დარწმუნებული ვარ სანაკრებო თამაშებს უყურებდა და კმაყოფილიც იყო, მოვიდა და პირადად მითხრა. შანსიც მომცა და როცა ნდობას გიცხადებენ, უნდა გამოიყენო.

როცა მარტში ნაკრებში ჩამოვედი, კლუბში თამაშები არ მათამაშეს და პრაქტიკის გარეშე მომიწია შეკრებაზე გამოცხადება. ამ ყველაფრის მიუხედავად, ინდივიდუალურ მომზადებას ვაგრძელებდი, რადგან გულშემატკივარს ვერ აუხსნი, რატომ ჩამოვედი ნაკრებში მოუმზადებელი. ეს მიუღებელი იქნებოდა მათთვის. თუ პროფესიონალი ხარ და ნაკრებში გიძახებენ, რამდენიმე თამაში რომ სკამზე იჯდე, მაინც შეძლებ ეროვნული გუნდისთვის სათანადოდ მომზადებას. მიმაჩნია, რომ ივნისის სანაკრებო შეხვედრებისთვის უფრო კარგ ფიზიკურ კონდიციაში ვიქნები.

ხვიჩა? არამარტო შეტევაში, დაცვაშიც ბევრს მუშაობს. 60-მეტრიან გაქცევას აკეთებს შეტევაში და შემდეგ 80 მეტრს უკან ჩამორბის დაცვაში, ეს ბევრს არ შეუძლია, განსაკუთრებული მოთამაშეა," - განაცხადა გურამ გიორბელიძემ Goal.Ge-სთან საუბარში.

გურამ გიორბელიძე ავსტრიულ ვოლფსბერგს 2020 წლის ზაფხულში გორის დილადან შეუერთდა. მას შემდეგ ამ კლუბის მაისურით 15-ჯერ ითამაშა.

უთამაშებლობა? ყველა მნიშვნელოვანი მატჩი სასტარტოში ვითამაშე! - ინტერვიუ ლაშა დვალთან

შედევრი - გულშემატკივარმა ფურცლისგან ხვიჩა კვარაცხელია გამოჭრა